შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • პოლიციამ 2 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის გამოძიების ფარ...
12-04-2022

პოლიციამ 2 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის გამოძიების ფარგლებში კიდევ 1 პირი დააკავა -  სულ  დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბლისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში მომხდარი 2 პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ 1 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1984 წელს დაბადებული გ.ა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ ამავე ბრალდებით 8 აპრილს დააკავა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან 1993 წელს დაბადებული გ. მ. და 1991 წელს დაბადებული ა.ბ.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთ ორგანიზაციაში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრნენ, თუმცა სამართალდამცველებს მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 8 პირი დააკავა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით.